ახალი ამბები
პირველი აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.

„ეს არის რეგიონებში პირველი, კონკრეტული შესაძლებლობების პრეზეტენტაცია და იმ შესაძლებლობების ჩვენება, რომელთა გამოყენებასაც სახელმწიფო სთავაზობს ადგილობრივებს. ჩვენ ყველა რეგიონში ჩავალთ, რათა ფერმერები მეტად ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა ინკლუზიური ზრდაა. გვსურს, მათ გავაცნოთ რესურსები, რაც აგრო-სასურსათო კუთხით გააჩნიათ. სამეგრელოს კი ამ მხრივ მართლათ უნიკალური შესაძლებლობები აქვს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეთხილეობის, მეკენკრეობის, მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორჯერ გაზრდილია მაქსიმუმი თანხებისა, რითაც ფერმერები დაფინანსდებიან.

„მოგეხსენებათ, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დავაანონსეთ, ადგილობრივი ფერმერებისგან მივიღეთ რჩევები როგორ უნდა დაგვეხვეწა ეს პროგრამა. ჩვენ ორნახევარჯერ გავზარდეთ ჭერი იმ თანხისა, რომლითაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ დაფინანსებას. ასიათასიდან გავზარდეთ ორასორმოცდაათას ლარამდე გარდა ამისა ყველა რაიონზე გავრცელდება კენკროვანი ხილის პროგრამები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ამ ულამაზეს რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი. რამდენიმე წლის წინ, როდესაც, ჩვენ დავიწყეთ სპეციალური პროგრამები სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრი სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა გვესმოდა. ჩვენი სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციაში იყო 900 მილიონი ჩვენ შევძელით და შევამცირეთ ეს 300 მიოლიონამდე. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ სრულად შევამციროთ დეფიციტი არამედ გავხდეთ ერთ-ერთ ექსპორტიორი ქვეყანა და ამის შესაბამისად შევქმნათ დამატებითი დოვლათი სოფლის მეურნეობიაში“-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ფორუმს 150 სტუმარი დაესწრო. ღონისძიება ორდღიანია და ის ანაკლიაში ხვალ გაგრძელდება.




Print