პოლიტიკა
სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას: გელოდებით დებატებისთვის 16 მაისს განმუხურის ამფითეატრში
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვის მმართველი გუნდიდან მის კონკურენტს გიორგი შენგელიას დებატებს კვლავ განმუხურის ამფითეატრში სთავაზობს და შესაბამის თარიღსაც აზუსტებს. ოპოზიციონერი კანდიდატი შენგელიას დებატებზე 16 მაისს, 17 საათზე ელოდება.

„მივმართავ ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ კანდიდატს. თქვენ მიწვევდით საარჩევნო დებატებზე ერთ კონკრეტულ არხზე, მე კი გთავაზობთ ღია დისკუსიას ღია სივრცეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან ერთად და ფართო მედიის სპექტრის დასწრებით.  მე არ ვიცი, რატომ მიიჩნევთ ასეთ დისკუსიას დაპირისპირების მცდელობად, როგორც ნათქვამია თქვენს ცენტრალურ ოფისში დაწერილ განცხადებაში.
ეტყობა, ივანიშვილს და თქვენც ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ აქ არის მაღალი ინტელექტის და კულტურის მქონე ევროპული საზოგადოება. აქ გამორჩეულად იციან განსხვავებული აზრის პატივისცემა და ერთმანეთის მოსმენა და მოთმენაც.
გელოდებით 16 მაისს 5 საათზე განმუხურის ამფითეატრში. არაფერი არ გვექნება გადასახდელი, რადგან იქაურობას პატრონი არ ჰყავს“, - ამბობს რულოვსი.

რამდენიმე დღის წინ ღია სივრცეში დებატების შეთავაზებაზე, რომელიც რულოვსმა შენგელიას მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში დებატების პასუხად გაავრცელა, „ოცნების“ კანდიდატმა განაცხადა, რომ კვლავ ძალაშია შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებზე, სადაც, ყველა ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტს ექნება კითხვის დასმის საშუალება. შენგელია მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსი მასთან პირისპირ საქმიან დისკუსიასა და ზუგდიდის მომავალზე კონკრეტულ საუბარს „გაურბის“.


Print