ახალი ამბები
თეონა ქარდავა: სათქმელს 19 მაისს ერთხმად ვიტყვით და ეს იქნება "არა სანდრას"
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა. მისი ორგანიზატორის თეონა ქარდავას თქმით, შეკრებილებს სურთ, რომ რულოვსმა კითხვებზე პასუხი  საჯაროდ გასცეს.

„აქ რიგითი მოქალაქეები შევიკრიბეთ, მე პირადად ვარ სამოქალაქო აქტივისტი და თვითონ გავუწიე ორგანიზება მოქალაქეების აქ მოსვლას. ვითხოვთ, საჯაროდ მოგვეცეს კითხვების დასმის უფლება სანდრა რულოვსისთვის და მან გასცეს ჩვენს კითხვებს პასუხები. ასევე ვაპროტესტებთ იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სლოგანად იყენებს იმას, რომ დევნილები მათ აძლევენ ხმას. აფხაზეთელები არ ირჩევენ „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატს ზუგდიდში და ჩვენს სათქმელს 19 მაისს ერთხმად ვიტყვით და ეს იქნება "არა სანდრას", - აღნიშნა ქარდავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის  ბესო შენგელიას თქმით კი, სანდრა რულოვსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ხოლო თუ რა პრობლემებია მუნიციპალიტეტში, ამაზე შენგელიას განმარტებით, იმ მერმა უნდა გასცეს პასუხი ვის გამოც ზუგდიდში არჩევნები ჩაინიშნა.

„იქ თუ ნამდვილად იდგნენ დევნილები ეს არის დევნილთა სირცხვილი. თუ კი რამე არ გაუკეთებია ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მუნიციპალიტეტში, არ გაუკეთებიათ ზუსტად  დევნილებისთვის. სანდრა რულოვსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი  დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაა“, - აცხადებს შენგელია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მათ ასევე აინტერესებთ, თუ რა ფულით იყიდეს სანდრა რულოვსმა და მიხეილს სააკაშვილმა ევროპაში ვილა.


Print