პოლიტიკა
რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიცია და „ოცნება“ საკრებულოში (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ესწრებოდა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სანდრა რულოვსმა უმრავლესობის დეპუტატს მოსთხოვა, გაეცა პასუხი კითხვაზე, რას ნიშნავდა მის მიერ ნათქვამი სიტყვები „ყველა მეთოდი უნდა ვცადოთ არჩევნების მოსაგებად“.

„საქართველოს მხარეზე უნდა ვიყოთ ყველა, გია დანელიას მასალა ვნახე, რომელშიც ამბობს, რომ ვიყავით თათბირზე და მითხრეს, რომ ყველა მეთოდზე გადასულიყვნენ. მე მოვედი ია კერზაიას სკვერის გახსნის წინადადებით, მაგრამ ისეთი რამე გავიგე უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, რას ნიშნავს ყველაფერზე წასვლა“, - თქვა რულოვსმა.

ამის საპასუხოდ გია დანელიამ თქვა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი და გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა.

„ასეთი ჩანაწერების მონტაჟის პროფესიონალები არიან და და არ დავიჯერე. 9 წლის განმავლობაში უამრავი რამ გაუკეთებიათ მსგავსი“, - აღნიშნა დანელიამ.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ რულოვსს მიმართა, რომ ზვიად გამსახურდიაზე მის მიერ დაწერილი ფრაზის შემდეგ, მისი სახელობის დარბაზში სიტყვით გამოსვლის მორალური უფლება არ აქვს. რულოვსმა კი მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზვიად გამსახურდიაზე შეხედულება შეეცვალა და ახლა ყველა პირველი პრეზიდენტის იდეის მიმდევარი უნდა გახდეს.

დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა, სადაც ლაგვილავამ აღნიშნა, რომ რულოვსმა შოუს მოწყობა სცადა, რამაც კანდიდატის გაღიზიანება გამოიწვია.

„ნუ კივით საჯარო დაწესებულებაში“, - მიმართა ლაგვილავამ რულოვსს.

საკრებულოს თავმჯდომარე კი მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მამუკა წოწერია ამბობს, რომ უმრავლესობა სიმშვიდით ხვდება მსგავს ქმედებებს.

„ეს იყო პროვოკაციული აქცია და სურდათ, წამოვეგეთ პროვოკაციაზე, თუმცა, მზად ვართ, სიმშვიდით შევხვდეთ მსგავს ქმედებებს და მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ენმ-ს სურს, რომ მშვიდი ფონი წაშალოს, თუმცა ყველა ერთად 19 მაისს საკადრის პასუხს გავცემთ“, - თქვა წოწერიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, გია დანელია საუბრობს, რომ ის ესწრებოდა თათბირს, სადაც გაიცა ბრძანება, რომ არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, ტერორსა და გატაცებაზეც უნდა წავიდნენ.


Print