ახალი ამბები
„ჩერნომორენერგო“ ენგურჰესის შესახებ ნათია თურნავას კომენტარს გამოეხმურა
აფხაზური კომპანია „ჩერნომორენერგო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც მან ენგურჰესის დათვალიერებისას გააკეთა.

კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, ისინი ეთანხმებიან მინისტრის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ უნდა გაგრძელდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაცია, თუმცა აქვე ამბობენ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირებას ეხება, ორივე მხარემ ერთობლივად უნდა მიიღოს.

"შესაბამისად, იმ მხარის თანხმობის გარეშე, რომლის იურისდიქციაში შედის ენგურჰესის კომპლექსის ესა თუ ის ობიექტი, მეორე მხარე ვერანაირ ქმედებებს ვერ აწარმოებს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აფხაზეთში სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა, არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია“, - ნათქვამია "ჩერნომორენერგოს“ განცხადებაში. 

აქვე აღნიშნულია, რომ ისინი ეთანხმებიან მინისტრს იმაში, რომ „დაუშვებელია ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 13 მაისს ენგურჰესი დაათვალიერა, სადაც განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაცია.




Print