პოლიტიკა
სანდრა რულოვსი საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც წინა საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

"პირდაპირ ეთერში საღამოს ვნახეთ, რომ სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდი ხანია, რაც დაწყებულია. დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ რეაგირებას, რომ არ მოხდეს კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამეორება, უხეში მოსყიდვები, გაყალბება და ზეწოლა, რამაც მაგალითად, ზუგდიდში შეიწირა ია კერზაია. დიპლომატიურ კორპუსს ვანახეთ ვიდეოები, ვესაუბრეთ გარემოზე, რომელშიც გვიწევს კამპანიის ჩატარება. ისინი შედიან ჩვენს მდგომარეობაში და იქნება მსჯელობა, როგორ შეიძლება ამაზე რეაგირება“, - განაცხადა რულოვსმა.

მისივე თქმით, საქმე არა მის მერობას, არამედ ქვეყნის მომავალ ეხება.

"ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციებია, ზონდერები, დედის გინება, გუშინ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როგორც ჩანს, მასობრივად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. გადადგომას ვთხოვთ პირდაპირ ზუგდიდის საოქლოს თავმჯდომარის, მირანდა მესხის, რადგან საერთოდ პრაქტიკაში არ ყოფილა ჯერ, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სიები საუბნო კომისიისთვის გადაცემულიყო. სიები უნდა იყოს დალუქული, ბოლო წუთში გადაცემული და არ უნდა გახდეს ბერკეტი იმისა, ჩვენს ამომრჩევლებზე ზეწოლა მოხდეს. დღეს როგორც ჩანს, სამწუხაროდ ეს ხდება, რაც საარჩევნო კოდექსის ძალიან უხეში დარღვევაა. ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას ხვდებიან და მათ ქვეყნებთან, სათაო ოფისებთან ამაზე მსჯელობა ექნებათ. ასევე ვთხოვთ, დამკვირვებლები დამატებით კიდევ გამოგვიგზავნონ. ძალიან ნათლად ჩანს, რისთვისაც ემზადებიან და რომ არ აწყობთ ჩვენი გამარჯვება და უპირატესობა ამ ბრძოლაში, ყველანაირად ცდილობენ, ჩაშალონ და ზეწოლა მოახდინონ, ყველანაირ მექანიზმზე და მეთოდებზე მიდიან. ეს დაუშვებელია, ჩვენ უნდა დავიცვათ უბნები, ხმები და ადამიანები ამ ზეწოლისგან და საერთოდ, ამ მთავრობისგან. აქ არ არის მარტო ჩემს მერობაზე საუბარი, მთელი ქვეყანა ამ განსაცდელშია და საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად ვნახეთ, რა ხდება. ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც თავს დაგვესხნენ, იყო ერთი ადამიანის დაკავება, რაც რა თქმა უნდა, არასაკმარისია. არ არის საკმარისი რეაგირება, არ უნდა გაუჭირდეთ დამნაშავის გამოვლენა", - აღნიშნა რულოვსმა.
Print