პოლიტიკა
კობა ნაყოფია: ჩვენ ვიგებთ ზუგდიდში არჩევნებს (ვიდეო)
#67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელების მთავარი მოთხოვნა იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის, კობა ნაყოფიამ. მან თქვა, რომ ზუგდიდელების ხმებს არავის მოაპარინებენ და არჩევნებში ოპოზიცია იგებს. 



„გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გეუბნებით, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ეს ქალბატონი - მირანდა მესხი, მისი უფროსი თამარ ჟვანია და კიდევ უფრო დიდი უფროსი ივანიშვილი ზუგდიდელების არჩევნებს ვერ მოიპარავს. გუშინ მათ უნდოდათ გაეყოლებინათ არჩევნები და წინასწარ დაეწერათ შედეგები, თუმცა არ გაუვიდათ, მეგობრებო“, - მიმართა მხარდამჭერებს ნაყოფიამ.



გაერთიანებული ოპოზიცია მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციების გამართვით იმუქრება.

„ვაპირებთ აქციების გაგრძელებას მანამ, სანამ ესენი არ აიღებენ ხელს ადამიანების დაშინებაზე, ტერორზე და ხმების გაყალბებაზე. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, 5000 დამკვირვებელი ჩამოგვყავს. ჩვენ უამრავი ტექნოლოგიური მექანიზმი შევქმენით, რაც ჯერ კიდევ არ იცის „ქართულმა ოცნებამ“ . ყველა უბნიდან, ყველა ინფორმაცია გვექნება უმოკლეს დროში. ეს ხელისუფლება მიდის, ხალხნო.  მათ ვურჩევ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად ჩაგვაბარონ “- აღნიშნა ნაყოფიამ.



გაერთიანებული ოპოზიცია საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას, მის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგების გამო მოითხოვს, რასაც არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. რაც შეეხება მირანდა მესხს, ის აცხადებს, რომ ზუგდიდში 107 უბანია და სიები ეტაპობრივად გაიცემა, რადგან მათი დარიგება ვერ ესწრება. საბოლოოდ, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე, ამომრჩეველთა სიები 41 სოფლიდან დააბრუნეს.

ამავე თემაზე:

ნიკა მელია: გამოძიების დასრულებამდე გია დანელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვთ
Print