რეგიონი
აფხაზეთში გატაცებული პირის ადგილსამყოფელის დასადგენად ფულადი ჯილდო დააწესეს
დაუდგენელი პირების მიერ ომარ მირცხულავას გატაცების ფაქტზე ინფორმაციისთვის 1 მილიონი რუბლის ოდენობით ჯილდო დააწესეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს იტყობინება, წერს „აფსადგილ ინფო“.

სოხუმის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა 1979 წელს დაბადებული ომარ მირცხულავა სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთიდან 17 აპრილს გაიტაცა.

თავდამსხმელებმა ის მაშინ გააჩერეს, როდესაც მირცხულავა მერსედეს - ბენც სპრინტერის მოდელის ავტომობილს მართავდა და ეშერის ქუჩაზე მგზავრებთან ერთად გადაადგილდებოდა. ამავე ცნობით, მძღოლი ძალის გამოყენებით და იარაღის მუქარით წაიყვანეს. მოგვიანებით, აღნიშნული ავტომანქანა სამართალდამცავებმა გარეუბანში, უკაცრიელ ადგილას იპოვეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


Print