რეგიონი
ოპოზიციამ გია დანელიას მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა თინათინ ბოკუჩავამ და ლევან ბეჟაშვილმა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში საკრებულოს წევრის გია დანელიას მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. ისინი მოითხოვენ პროკურატურამ დაუყოვნებლივ გამოიძახოს დაკითხვაზე საკრებულოს წევრი გია დანელია. ოპოზიციონერები ასევე მოითხოვენ, რომ პროკურატურამ მიმართოს საკრებულოს დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.


“ეს თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სადაც, პრაქტიკულად, არსებობს ღია მტკიცებულებებები, რომელშიც საკრებულოს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ იგეგემება ყველანაირი მეთოდის გამოყენება იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში. მათ შორის, დაგეგმილია ადამიანების გატაცება, მოსყიდვა, ძალადობრივი აქტები, ამიტომ, ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო რეაგირება იმთავითვე, რათა პრევენცია მოვახდინოთ და არ დავუშვათ კვირას რაიმე სახის ესკალაცია. პროკურატურა დღეს ვალდებულიც იყო თავად გამოეძახა გია დანელია და ეწარმოებინა მისი გამოკითხვა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ამის იმედი, რომ პროკურატურამ ეს უკვე დაიწყო, ამიტომ შეგვაქვს დამატებით წერილობითი განცხადება, სათანადო მტკიცებულებებით, სადაც პროკურატურას უკვე დაუყოვნებლივ ვთხოვთ შესაბამის რეაგირებას. რაც მთავარია, პროკურატურამ უნდა შეიტანოს ზუგდიდის საკრებულოში განცხადება და შეუჩეროს უფლებამოსილება გია დანელიას, რათა მან ვერ შეძლოს გამოძიებაზე ზემოქმედება და მტკიცებულებების დამალვა და ა.შ. მთავარი ის არის, რომ მას აქვს კონკრეტული,  ცენტრალური შტაბიდან თათბირის დავალებები და მან უნდა დაასახელოს, ვისგან აქვს ეს დავალებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაულის დაფარვასთან გვექნება საქმე და ბუნებრივია, ეს ცალკე შემადგენლობაა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.




მათ პროკურატურაში განცხადების გარდა ვიდეო მასალაც შეიტანეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, გია დანელია საუბრობს, რომ ის ესწრებოდა თათბირს, სადაც გაიცა ბრძანება, რომ არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, ტერორსა და გატაცებაზეც უნდა წავიდნენ. ამის საპასუხოდ გია დანელიამ თქვა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი და გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა.

„ასეთი ჩანაწერების მონტაჟის პროფესიონალები არიან და არ დავიჯერე. 9 წლის განმავლობაში უამრავი რამ გაუკეთებიათ მსგავსი“, - აღნიშნა დანელიამ.

Print