რეგიონი
ირაკლი ჩიქოვანი: არჩევნების დღეს გვექნება უბნებზე ვიდეოჩაწერების საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია ®️
პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას დესტრუქციულად აფასებს. ,,ის, რაც დღეს მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითოეულმა თქვენგანმა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე. იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები, ცდილობენ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის. მაგრამ, კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას და აბსოლუტურად ყველა უწყებას, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა ამ პროვოკაციას. დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე ჩვენს გამარჯვებამდე, რომ გავაფორმოთ დამაჯერებელი გამარჯვება გეგა შენგელიას და „ქართული ოცნების“. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს უშუალო პირდაპირი კავშირი, როგორც აქედან, ასევე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექსესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მალავს, რომ ისინი გათვლას კი არ აკეთებენ ზუგდიდელებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლის ჩამოყვანასაც ისინი გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში“ ,- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანი მიმართავს ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს.

,,სამართალდამცველები მზად არიან იმისთვის, რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდენს და ვისი მომხრე იქნება ის. ჩვენი ინტერესია ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წარმოაჩინოს“,-აღნიშნა შტაბის უფროსმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ორგანიზებულად ემზადება საარჩევნო დღისთვის. ასევე, უბნებზე იქნება ვიდეო ჩაწერები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის პროვოკაცია.

,,ორგანიზებულად ვემზადებით საარჩევნო დღისთვის. გვაქვს ყველა წინასწარი მონაცემი, რომ გეგა შენგელია დამაჯერებლად იმარჯვებს. 19 მაისს ჩვენი აქტივისტები, ჩვენი მომხრეები იქნებიან მობილიზებული იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, ვისგანაც გვაქვს უკვე თანხმობა, რომ მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ, ისინი მოვლენ არჩევნებზე. მათ ექნებათ სპეციალური სიები, ეს სიები უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ასევე, ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა უბნებზე მოხდეს. ასევე, მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა შიგნით კომისიის ფარგლებში, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე, გამოიყენონ ყველა პროცედურა და პროცედურის მიხედვით ჩაატარონ საარჩევნო დღე. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვართ რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ბრიფინგზე ჩიქოვანმა.


Print