არჩევნები
გაერთიანებული ოპოზიცია თამარ ჟვანიას არჩევნებზე ზუგდიდში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს
"გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა მოუწოდა ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, რომ ჩამოვიდეს ზუგდიდში და აქ იმუშაოს 19 მაისს, რადგან, მისივე თქმით, სწორედ ზუგდიდში წყდება საქართველოს ბედი და აუცილებელია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართოს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბი სერიოზულ დავალებებს გასცემს ადმინისტრაციული რესურსის გაყალბების თვალსაზრისით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ავალებენ როგორც მასწავლებლებს, ასევე საჯარო მოხელეებს,რომ ბიულეტენების შემოხაზვის დროს კაბინიდან გამოსვლისას მოახდინონ კომისიის წევრებისთვის ბიულეტენის ჩვენება, რაც ბუნებრივია, არის კანონდარღვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას, რომ დღეს ზუგდიდში არის ყველაზე ცხელი ეპიცენტრი არჩევნების, საქართველოს ბედი წყდება აქ, ამიტომ თამარ ჟვანია უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა აქ არჩევნების ნორმალურად და კანონიერად ჩატარებაზე ", -აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მისი ინფორმაციით, იმისათვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, ოპოზიცია სხვადასხვა ზომას იღებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელმა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ თითოეული საარჩევნო უბნიდან მოხდება პირდაპირი ტრანსლირება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ. საარჩევნო უბნებთან იქნებიან მობილიზებული დრონები, რომლებიც გააკონტროლებენ საარჩევნო უბნის გარეთ საარჩევნო პროცესს", -განაცხადა ბეჟაშვილმა.






Print