ახალი ამბები
სენაკის საკრებულოს დეპუტატები სავარაუდო ცემის ფაქტზე სამართალდამცავებმა გამოკითხეს
სენაკის საკრებულოს ინციდენტის მონაწილე დეპუტატები სამართალდამცავებმა დაკითხეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბორის სოსელიამ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზაზა ნაჭყებიამ უთხრეს.

სოსელიას თქმით, მან საავამდყოფო უკვე დატოვა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს.

„სახლში ვარ და გავდივარ შესაბამისად მკურნალობას. პოლიციაც აქ იყო, აქ დამკითხეს და მოუყევი ყველაფერი, რაც მოხდა. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, თბილისში სამკურნალოდ წავალ“, - აღნიშნა სოსელიამ.

რაც შეეხება ზაზა ნაჭყებიას, უმრავლესობის დეპუტატი კატეგორიულად უარჰყოფს, რომ მან სოსელის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნაჭყებიას მტკიცებით, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

„ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ, რომ ზუგდიდში არჩევნები ოპოზიციამ პირწმინდად წააგო და ძალიან უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ. არ დამირტყამს, არ შევხევბივარ და არ ვიცი, რაში დასჭირდათ ამ ფარსის მოგონება“, - გვითხრა ნაჭყებიამ.

თავად სოსელიას მტკიცებით კი, მას მმართველი გუნდის წევრმა დაარტყა. აღნიშნული ინცინდეტის შემდეგ სოსელია მაღალი არტერიული წნევით სენაკის საავამდყოფოში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

Print