პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობას ოფისი დღეიდან ზუგდიდშიც ექნება (ვიდეო)
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის რეგიონული ოფისი გაიხსნა, სადაც, ამ ეტაპზე ორი ზუგდიდელი ნიკა ლაშხია და როსტომ ზარანდია იმუშავებს. ელისაშვილის თქმით, მან ზუსტად ზუგდიდში არსებული პრობლემების შესახებ არ იცის, თუმცა მოქმედებასა და ინფორმაციას ადგილობრივი წარმომადგენლებისგან ელოდება.

„დიდი პატივია, რომ აქაც ვიქნებით წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ კონკრეტული ადამიანების პრობლემებზე ჩვენ თავად და არ დაველოდოთ სხვას. ნუ ველოდებით, რომ ვინმე ბაზალეთის ტბიდან ადგება, ან თეთრი ბედაურით მოვა და მოგვხედავ. ჩვენ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ვიზრუნოთ განვითარებაზე. ერთ რამეზე ვართ შეთანხმებულები რეგიონულ წარმომადგენლებთან. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა პრობლემებია ზუგდიდში, ეს თვითონ მათ იციან. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ მაქსიმალური დეცენტრალიზება მოხდეს ჩვენ რეგიონულ და ცენტრალურ ოფისებს შორის. არ გვინდა, რომ თბილისიდან ვუკარნახოთ, რა თემებს მიაქციონ ყურადღება და რა თემებზე იმუშაონ, რადგან ზერელე წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. არაგულწრფელი ვიქნები და მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ზუსტად ვიცით, რა პრობლემებია ზუგდიდში. გვსურს, რაც შეიძლება მეტი მოხალისე გვყავდეს, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია და სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითი“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

მოძრაობის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ, ჯერჯერობით, წინასწარ არ იცის, რა კონკრეტულ ნაბიჯბს გადადგამს, თუმცა ამბობს, რომ მეტად აქტიური იქნება.

„უკვე პიჯაკიანი სამოქალო აქტივისტი ვარ. გამაორმაგებ, რაციონაურად მოვარგებ ჩემს რესურსებს მოქმედებებსა და პრიორიტეტბს. წინასწარ არ ვიცი, მაგრამ მოქმედებაში ვიქნები უფრო ცოცლად და ეფექტურად. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, მოქალაქეების გამოფხიზლება და ჩართულობის ამაღლება“, - თქვა ზარანდიამ.

სამოქალაქო მოძრაობა ზუგდიდში გაფართოებას გეგმავს. მათ რეგიონული ოფისები თელავში, ქუთაისსა და ბათუმშიც აქვთ.

Print