ახალი ამბები
გიორგი გახარია: ზუგდიდიდან დამოუკიდებლობის აღქმა მძაფრი და ემოციურია (ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 26 მაისის აღნიშვნას ზუგდიდში შეუერთდა. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  თავისუფლების მოედანზე გამოფენილი სხვადასხვა ტექნიკა დაათვალიერა, უწყების მიერ ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებას გაეცნო და მათ მონაწილეებთან ფოტოებიც გადაიღო. 

გახარიას თქმით, შს სამინისტროს მიერ ზუგდიდში დამოუკიდებლობის აღნიშვნა სიმბოლურია.

„გილოცავთ 26 მაისს, ამ უმნიშვენლოვანეს დღეს. ეს არის მიღწევა, რისთვისაც ამ ქვეყნის თაობები იბრძნოდნენ. სიმბოლურია, რომ შსს ზუგდიდში აღნიშნავს, რამეთუ წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა ერთიანი ქვეყნის გარეშე. ზუგდიდიდან და გორიდან აღქმა ამ დღის არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური. 26 მაისი იყო უდიდესი მიღწევა მსოფლიო დემოკრატიისთვის, პირველი რესპუბლიკა, როგორც სოციალ-დემოკრტაიული არჩევითი მთავრობა. მაშინაც 26 მაისი სიმბოლურად კვირა იყო და დღესაც ასე დაემთხვა. სამეგრელოდან არ უნდა დაგვავიწყდეს 9 აპრილი, როცა გაძლერდა და თანამედროვე იერსახე შეიძინა დამოუკიდებლობამ და ის ადამიანები, ვინც ამ დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა, უმძიმესი შრომა გვჭირდება, რომ ვიზეიმოთ ერთიან თავისუფალ ქვეყანაში“, - უთხრა ჟურნალისტებს შს მინისტრმა.

უწყება დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე აღნიშნავს.



Print