ახალი ამბები
სოხუმი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება საქართველოს პრეზიდენტის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ გამოსვლას გამოეხმაურა. სოხუმში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „…სწორედ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისას იდგა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე, ხოლო აფხაზი ინტელიგენცია, რომელიც ენის შენარჩუნებისა და აფხაზი ხალხის უფლებების გაფართოებისთვის იბრძოდა, იდევნებოდა“.

აქვე აღნიშნულია, რომ «ისტორიულმა გამოცდილებამ დაარწმუნა აფხაზი ხალხი, რომ მათ უნდა ჰქონდეს საქართველოს მხრიდან „ზრუნვის“ იმედი.“ მათივე თქმით, ქართველმა ლიდერებმა უნდა შეცვალონ საკუთარი შეხედულებები ახლო წარსულის მოვლენებთან დაკავშირებით, ადეკვატურად შეაფასონ თანამედროვე რეალიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში რთული იქნება დიალოგის წარმართვა.

საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღის მილოცვისას აღნიშნა, აფხაზების კულტურასა და ენას უკიდურესი მდგომარეობა რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა.

„საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ენა დღეს ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია იცავს დღეს გაქრობის წინაშე მდგარ ენას. მაშასადამე, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ჩემი ყოველი საგარეო ვიზიტის დროს ყოველთვის ვლაპარაკობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურასა და ენას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Print