ახალი ამბები
ბესიკ დგებუაძე, რომლის ახლობლები აქციებს მართავდნენ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ბესიკ დგებუაძე, რომლის მშობლები და ახლობლები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ შტაბთან აქცია გამართეს, წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა. დგებუაძის ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა.

„სასამართლომ იმსჯელა სამართლიანად და ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფაქტობრივად, არ იყო მიმალვის ან მოწმეზე ზეწოლის საშიშროება. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ბესიკ დგებუაძის ჯანმრთელობის ცნობა, რომ ის საჭიროებს გაყვანას საავადმყოფოში და მკურნალობას. მოგეხსენებათ, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ორი ჭრილობა მიყენებული“,- ამბობს ადვოკატი დემურ სოტკილავა.

ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით ზუგდიდში აქციები არაერთხელ გაიმართა.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

ამავე თემაზე:
ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" შტაბთან რჩებიან
Print