რეგიონი
სენაკში რძის საწარმო გაქურდეს
სენაკში, რძის გადამამუშავებელი საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. საწარმოს დირექტორმა ნონა ქადარიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ შენობიდან 16 ათსსი ლარის ღირებულების დანადგარებია გატანილი. მისივე თქმით, დაზიანებულია დარჩენილი ინვენტარი.

„რისი წაღებაც ვერ მოასწრეს, ადგილზეა განადგურებული. გადაჭრილია მილები, არ ვმუშაობდით ეს დღეები, რადგან HACCP სისტემა უნდა დაგვენერგა და მაგისთვის ვემზადებოდით. ფაქტი, სავარაუდოდ, იმ კვირას მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 16 ათას ლარს აღემატება ზარალი“, - თქვა ქადარიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი უკვე დაკითხა.

შს სამინისტროში აცხდებენ, რომ  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
Print