ახალი ამბები
მოძრაობა „სამეგრელო“: თუ მთავრობამ მეგრული ენა არ დაიცვა, შედეგები შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს (ვიდეო)
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მოძრაობა ,,სამეგრელოს’’ ორგანიზებით, „მეგრული ენის დღე“ აღნიშნეს, რომელიც ამავე ორგანიზაციის მიერ არის დაარსებული. ღონისძიებას, რომელიც მეგრულად წარიმართა, ადგილობრივი პოეტები, მწერლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ამ დღის აღსანიშნავად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა კი მეგრული ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.

შეკრებილებს ღონისძიების ორგანიზატორმა ზურაბ კვარაცხელიამ მეგრულად მიმართა და მათ სთხოვა, რომ ამ ენის დასაცავად ძალისხმევა არ დაიშურონ. ის თვლის, რომ მეგრული ენა გაქრობის წინაშე დგას და მთვრობამ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვარაცხელია ამბობს, რომ შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

„მეშვიდე წელი, რაც ამ დღეს ავღნიშნავთ, სამწუხაროდ არ ხერხდება სხვაგან მისი აღნიშვნა. როცა ეს დღე დავაწესეთ მაშინ ჩავიფიქრეთ მეგრული ენის პოპულარიზაცია და პრობლემების აქტუალიზაცია. ყველამ ვიცით, რომ ეს უძველესი ენა დაკარგვის წინაშეა. ეს არის სასწაული ენა, ძველი კოლხების ენა, ბოლოს და ბოლოს ამ ენაზე მედეა და აიეტი საუბრობდნენ“,- თქვა კვარაცხელიამ.

მოძრაობის წევრები ფიქრობენ, რომ ამ თემის უტრირება და საკითხის მუდამ რუსული პროპაგანდის  საფრთხეებთან დაკავშირება შეცდომაა.

„არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ერთ შვენიერ დღეს გამოჩნდეს ძალები და გვითხრან, რომ ჩვენი ეს ზომიერი მოთხოვნები არ არის საკმარისი და საჭიროა უფრო მეტი რადიკალიზაცია. შესაძლოა, დღესაც არსებობდნენ ისეთები, რომლებიც ასე ფიქრობენ, მაგრამ ისინი დღეს ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენენ, რომ მათ შეძლონ ხალხის აყოლიება. ამიტომ საჭიროა მთავრობამ და საზოგადოებამ მოუსმინოს ჩვენისთანა ადამიანებს. ეს არ არის რუსეთთან  მოაზრებული და ყოველთვის რუსეთისკენ თითის გაშვერა არის შეცდომა. მათ თავიანთი პრობლემა აქვთ და ნაკლებად აინტერესებთ ჩვენი ენის დაცვა. ის ძალები შეიძლება წახალისებული იყვნენ სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არც მოსკოვის საქმეა და არც ბრიუსელის, ეს არის თბილისის საქმე“,-აღნიშნა მან.

რაც შეეხება იური ღვინჯილიას, რომელიც სამეგრელოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ხშირად გამოდის, ზურაბ კვარაცხელია ამბობს, რომ ასეთი ადამიანებთან მათი მოძრაობის გაიგივება არ შეიძლება და ფიქრობს, რომ ღვინჯილია პროვოკატორია.

„ღვინჯილია გამოდის, რაღაც ფსევდო აქციებით, ისეთ განცხადებებს აკეთებს, საერთოდ არ მგონია ის ადეკვატური იყოს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პროვოკატორია. საზოგადოებისთვის ტარიელ ღვინჯილიზაცია და ტარიელ ფუტკარიძეზაცია, ორივე მავნეა“ - თქვა კვარაცხელიამ.

მეგრული ენის დამცველები, რომლებიც ზუგდიდში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და მათ შორის დედაქალაქიდან ჩამოვიდნენ, მიიჩნევენ, რომ მეგრული სკოლაში და უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსს ითხოვენ (ვიდეო)

ზუგდიდში "მეგრული ენის დღისადმი" მიძღვნილ შეხვედრაზე საუბარი მეგრულად წარიმართა (ვიდეო)


Print