ახალი ამბები
ზუგდიდის არჩეული მერი: ანაკლიის პორტი დათქმულ ვადებში უნდა აშენდეს
ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცხადებულ ვადებში უნდა აშენდეს. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა. შენგელია მიიჩნევს, რომ კონსორციუმის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი არ აძლევს საფუძველს, რომ პორტის შეჩერების შესახებ ივარაუდოს. შენგელიას განცხადებით, ნავსადგური ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მთავარი გამოწვევა სახელმწიფოსთვის და სწორედ სახელმწიფოა გარანტი, რომ აშენდება მისივე მხარდაჭერით. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ პორტი აშენდება და უამრავ ადამიანს ექნება აქ დასაქმების შესაძლებლობა. თუკი დადგა საფრთხე პროექტის გაჭიანურების, ყველანაირად ვეცდები, კოორდინაცია მქონდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მხარს დავუჭერ იმას, რომ აშენდეს პორტი იმ ვადებში, რა ვადებშიც იყო გაჟღერებული. თუ რამე შეფერხება იქნა, ესეც ეცნობება მოსახლეობას“, - გვითხრა შენგელიამ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუკი მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვა ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან და ამ ინფორმაციის კონსორციუმისგან დამალვასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.




Print