ახალი ამბები
ხაიშელი ზურაბ ნიჟარაძე ჰესების შესახებ სამეგრელოს მიმართავს: თუ ჩემს სახლს არ დაიცავთ, თქვენი სახლი დაიცავით
ხაიშის მკვიდრი ზურაბ ნიჟარაძე სამეგრელოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჰესების საწინააღმდეგო ბრძოლაში ზემო სვანების გვერდით დადგნენ. ამის შესახებ მან დღეს ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ნიჟარაძე ამბობს, რომ მესტიაში ხუდონჰესისა და ნენსკრაჰესის პროექტები საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ზემო სვანეთის, არამედ სამეგრელოს მოსახლეობისთვისა.

„უმეტესად აქ მოვედი, რათა შევძლო და სამეგრელოს გარკვეულ ანწილს მივაწდვინო ხმა, რომ ეს ჰესები არა მხოლოდ სვანეთისვისაა საზიანო, არამედ სამეგრელომაც უნდა გაისიგრძეგანოს, რომ საფრთხის ქვეშაა კოლხეთის დაბლობი. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ამბობენ ექსპერტები. მე საქართველოს კუთხეების მიხედვით არ ვყოფ, თუმცა ვთვლი, რომ სამეგრელო ჭკვიანი მხარეა და ყოველთვის ცდილობს წინ წავიდეს. ვფიქრობ, რომ ერთმანეთს უნდა მოვუწუდოთ, ერთად გავაკეთოთ საერთო საქმე. თუ ჩემი სახლის დასაცავად არ გამოვლენ, საკუთარი სახლის დასაცავად მაინც გამოვიდნენ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.

ხაიშის თემის მოსახლეობამ მიმდინარე წლის მარტში ხუდონჰესის პროექტის სამუდამო გაჩერება მოითხოვა და მიმართვა გაავრცელა.

2017 წელს "ხუდონჰესის" ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ გააკეთა განცხადება, რომ პროექტი იმ დროისთვის გაჩერებული იყო. მოგვიანებით, ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტი განხორციელდებოდა. რამდენიმე თვის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამაც განაცხადა, რომ ხუდონჰესი აშენდება.

ხაიშელებმა ხუდონჰესის მშენებლობა პერიოდულად არაერთხელ გააპროტესტეს.

Print