ახალი ამბები
ფოთის პორტმა ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაძლოა სამართლებრივ ღონისძიებებს მიმართოს
"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაუქმებულ ბრძანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. კომპანიაში სამართლებრივი ღონისძიებებისთვის მიმართვას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.

„ამჟამად, საფუძვლიანად ვაანალიზებთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განვიხილავთ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მივმართოთ. ამასთან, გვსურს განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხისადმი და ჩვეულებისამებრ, ვაგრძელებთ შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას, რათა შენარჩუნდეს ფოთისა და მისი ნავსადგურის განვითარების მტკიცე მხარდაჭერა“, - აცხადებენ კომპანიაში.


„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ეკონომიკის მინისტრის მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებული ნებართვის შესახებ გაუქმების შესახებ პირველი განცხადება გუშინ, 30 მაისს გაავრცელა. კომპანიაში თქვეს, რომ მათ ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღიათ.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სამინისტრომ კომპანია „ეიფიემ ტერმინალსს“ ფოთში მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაუუქმა. მისი განცხადებით, ნებართვა ეხებოდა არა მშენებლობას, არამედ მიწათსარგებლობის უფლებას.

ორი დღის წინ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ეკონომიკის სამინისტროსგან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

მანამდე ქალაქ ფოთის მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია.







Print