ახალი ამბები
24 წლის წინ დაკარგული მარტვილელი ბიჭი სახლში დაბრუნდა (ვიდეო)
მარტვილის სოფელ ნაგებერას მკვიდრი 24 წლის წინ დაკარგული დათო გახოკიძე ორი დღის წინ სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ნაგებერას რწმუნებულმა ირაკლი დანელიამ უთხრა. მისი თქმით, ბიჭი წლების წინ თბილისში დაიკარგა და ოჯახი მას შემდეგ ეძებდა. დანელიამ გვითხრა, რომ დათომ თავისი ოჯახის შესახებ ქუთაისის ციხეში გაიგო, სადაც ის რამდენიმე თვის წინ მოხვდა. რწმუნებულის ინფორმაციით, საკანში, სადაც დათო გახოკიძე იმყოფებოდა, მათივე თანასოფლელიც ყოფილა, რომელმაც იცნო. დედა-შვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ფეისბუქ გვერდმა "სენაკის ქრონიკამ" გაავრცელა. 

„დათო გახოკიძე 1995 წელს დაიკარგა. როგორც დეიდაშვილი ამბობდა, ისინი ბოლოს მდინარე მტკვართან იმყოფებოდნენ, საიდანაც ის გაუჩინარდა. ძებნა დაიწყო იმ დღიდან, ჩართული იყო პოლიციაც, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს. ძებნა არ შეუწყვეტიათ მის ოჯახის წევრებს. მამა მისი დაკარგვიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაყვა. ახლა ამ ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათა ნაპოვნია და უნდა ჩამოვიდესო. გუშინ ვიყავი მათ ოჯახში, დათო იქ დამხვდა", - ამბობს ირაკლი დანელია. 

მისივე ინფორმაციით, დაკარგული ბიჭი ამ ხნის განმავლობაში თერჯოლაში ცხოვრობდა. სოფლის რწმუნებულს არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ განაცხადა პოლიციაში ბავშვის პოვნის შესახებ იმ ოჯახმა, რომელშიც დათო ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.



ვიდეო: სენაკის ქრონიკა
Print