რეგიონი
ზუგდიდის სასამართლო გიორგი კაპანაძის შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებს
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავა, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებს, დააკისრებს თუ არა სასჯელს Presa.ge-ის დამფუძნებელს გიორგი კაპანაძეს. დღეს გამართულ პროცესზე კი ჩვენება მოწმეებმა, მათ შორის, ITV-ის ჟურნალისტმა, ოპერატორმა და პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს. პროცესი ხვალ განახლდება, რის მიზეზადაც მოსამართლემ სამუშაო დროის ამოწურვა დაასახელა.

ჟურნალისტის განმარტებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე პოლიციის მანქანაში, შესაძლოა, ყოფილიყო ბოულეტენები და აქციის დასაშლელი მოწყობილობა. სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ისინი ჯერ სანკტ-პეტერბურგის, ხოლო შემდგომ სოხუმოს ქუჩაზე მივიდნენ. მათივე განმარტებით, მათთან ერთად იმყოფებოდა გიორგი კაპანაძე, თუმცა ამტკიცებენ, რომ კაპანაძეს არ დაურღვევია კანონი და იგი პოლიციის მოთხოვნას ემორჩილებოდა. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლებს, მათ განაცხადეს, რომ გიორგი კაპანაძე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელი ჰკრა მათ თანამშრომელსაც, რის შემდეგაც კაპანაძე დააკავეს.

თავად გიორგი კაპანაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ ის იყო უკანონოდ დაკავებული. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან მისი მისამართით მოწოდებები არ ყოფილა და მისთვის დაკავების მოტივი არ განუმარტავთ. კაპანაძე უარყოფს პოლიციელების ბრალდებას, რომლის თანახმადაც მან სამართალდამცავს ხელი ჰკრა. მოგვიანებით, მან ჟურნალისტებთან სამართალდამცავების მიერ მიცემულ ჩვენებას "ცინიზმი" და "ფსკერი" უწოდა.

კაპანაძის ინტერესებს საია-ს იურისტი ჯემალ ჭკადუა იცავდა.

კაპანაძე 19 მაისს, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების დღეს ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე დააკავეს. ის ფოთის პოლიციაში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული. თავად კაპანაძე ბრალდებას არ ეთახმება.

Print