რეგიონი
სინოპტიკოსები: ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება
გარემოს დაცვის  ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო  ნალექების რაოდენობა ნორმაზე მეტი იქნება. სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +22, მთაში +18, +20, მაღალ მთაში +15, +17, გრადუსს შეადგენს. რაც შეეხება ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-300 მმ, სანაპირო რაიონებში 550-600, მთაში 220-250 მმ, მაღალ მთაში კი 250-350 მმ-ია.

ამევე ცნობით,  პროგნოზი გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა.

რაც შეეხება უახლესი დღეების ამინდის პროგნოზს. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სამეგრელოში რვა ივნისის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა 30-32 გრადუსამდე იქნება. მისივე ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.


Print