ახალი ამბები
ზუგდიდში უფასო სასადილოს ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა - მერიამ 83 400 ლარი გამოყო
ზუგდიდის მერია ნახევარი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის უფასო კვებით უზრუნველსაყოფად 83 400 ლარს გამოყოფს. შესაბამისი ტენდერი მერიამ გამოაცხადა. ამასთან, ნაცვლად 250 ბენეფიციარისა, ამ დროისთვის უფასო სასადილოთი სარგებლობას 280 სოციალურად დაუცველი შეძლებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი ფართით უზრუნველყოფაც უნდა შეძლოს, მომსახურება კი 2019 წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გასწიოს.

რაც შეეხება კვების მენიუს, 6 დღის განმავლობაში ჩამონათვალი, ასე გამოიყურება:

ორშაბათი: აჯაფსანდალი, ბურღულის ფაფა, კაკაო, ფუნთუშა, პური (ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით: აჯაფსანდალის ნაცვლად ვეგეტარიანული ბორშჩი არაჟნით)

სამშაბათი: ვერმიშელის ან მაკარონის წვნიანი, კატლეტი და კარტოფილის პიურე, ხილის კომპოტი

ოთხშაბათი: ბარდის წვნიანი, თევზი, წიწიბურა, კისელი, პური

ხუთშაბათი: ქათმის ბულიონი, მაკარონის ან ვერმიშელის ფაფა, ხილის კომპოტი, პური

პარასკევი: ლობიო, ბრინჯის ფაფა, კვერცხი, ხილის კომპოტი, პური

შაბათი: ხორციანი სუპი, ტკბილი ფლავი, ყველი, კისელი, პური

ტენდერში წინადადებების მიღება 14-დან 17 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ გასული წლის ბოლოს რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული მომსახურებისთვის 160 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა, ზაფხულისა და შემოდგომის თვეებისთვის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდებოდა.


Print