ახალი ამბები
საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის მიღებაზე უარი თქვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას სარჩელი. ის კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენას და მისი გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას ითხოვდა.

შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ნაბიჯით მოსამართლემ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე შეფასებით, ფაქტები ცხადყოფს, რომ "მთელი სასამართლო სისტემა, თუ როგორ შეთანხმებულად მოქმედებს იმისთვის, რომ ამ საქმეზე არ დადგინდეს სიმართლე“.

„მივმართავ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას დაინტერესდეს ამ საკითხით, თუ როგორ გვართმევს ხელისუფლების რამდენიმე შტო კონსტიტუციურ უფლებას, მივმართოთ სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად“, - წერს ბაჩანა შენგელია.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის გამოძიების დასრულების თარიღის დასახელებას ითხოვს
Print