ახალი ამბები
„სოხუმის“ ნაცვლად „ამრა“ დავარქვათ - აფხაზი დოცენტის ინიციატივა
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი რამგარ მარშანი სოხუმისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სტატია „ნუჟნაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა.

„გთავაზობთ, სოხუმის ნაცვლად სახელწოდებას „ამრა“, - წერს იურისტი. არგუმენტად მას მოჰყავს ის, რომ საუკუნეების წინ, ამ ადგილს ბერძნებმა "დიოსკურია" დაარქვეს, რომაელებმა - "სებასტოპოლისი", თურქებმა - "სოხუმი", ახლა კი შესაძლოა, აფხაზებმა „ამრა“ დაარქვან.

მისივე თქმით, ქალაქის ახალი სახელწოდება ისტორიულად კანონზომიერია, რადგან „ამრა“ აფხაზურად მზეს ნიშნავს, რაც სიცოცხლის, სითბოს და ენერგიის სიმბოლოა. გარდა ამისა, მარშანის მტკიცებით, ფრანგული “mer”, გერმანული “мeer”, ესპანური “mar”, იტალიური “mare”, ბგერების ჟღერადობით ძალიან ჰგავს სიტყვას “ამრა”, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს სახელწოდება შესაფერისია ზღვისპირა ქალაქისთვის.

სტატიის ავტორის აზრით, ის ფაქტი, რომ „ამრა“ არაერთ აფხაზურ სასტუმროს, ბანკს და კომპანიას ჰქვია, მიუთითებს იმაზე, რომ ეს თანამედროვე და პრაქტიკული სახელწოდებაა. მარშანი თვლის, რომ სოხუმისთვის სახელის გადარქმევა აქტუალური საკითხია, რადგან ახალი სახელწოდება სწრაფად აისახება ქალაქის განვითარებაზე. გარდა ამისა, მისივე მტკიცებით, ქალაქის მკვიდრი, სახელის გამოცვლის შემთხვევაში, იქნება „ამრელი“ , რაც უფრო ადვილად წარმოითქმის, ვიდრე „სოხუმელი“.

ის პრაქტიკულ მხარეზეც მიუთითებს და ქალაქის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული ხარჯებზეც საუბრობს. მისი თქმით, სიტყვაში „ამრა“ ნაკლები ასოა, შესაბამისად, აეროპორტებსა და სხვა ადგილებში, ბანერებზე მისი განთავსება უფრო იაფი დაჯდება.

„სიტყვა „ამრა“ აფხაზურად იწერება ისევე, როგორც რუსულ ენაზე, შესაბამისად, ქალაქის ბანერებზე იქნება ორმაგი წარწერა: „Амра Amra“, და არა სამმაგი: „Сухум Sukhum Акуа“, როგორც იყო აქამდე და არის ახლაც“, - წერს რამგარ მარშანი.



Print