ახალი ამბები
ფეისბუკის მომხმარებლები სოხუმისთვის სახელის შეცვლის იდეას გამოეხმაურნენ

სოციალური ქსელების მომხმარებლები "უკიდურესად ნეგატიურად" შეხვდნენ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის რამგარ მარშანის ინიციატივას, სოხუმისთვის სახელის შეცვლის შესახებ,  წერს ინტერეტ გამოცემა „აფსნი ლაიფი“. მათ მაგალითად მოჰყავთ ფეისბუკის აფხაზურ სეგმენტში გამოქვეყნებული რამდენიმე კომენტარი.

„... აფხაზეთის დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევის განხილვაც კი უადგილოდ მიმაჩნია... მივმართავ სამეცნიერო საზოგადოებრიობას,  ჯობია, ჩვენთვის უფრო გლობალურ პრობლემებს მიაქციეთ ყურადღება და არსებული კრიზისიდან გამოსავალი შემოგვთავაზოთ“.

«ბოდიში, რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს ჩემი მხრიდან, აჯობებს საკუთარი სახელის შეცვლაზე დაფიქრდეს. თითქოს ქვეყანაში სხვა პრობლემა არ არსებობდეს, ქალაქისთვის მრავალწლიანი, ისტორიული სახელის შეცვლის გარდა“.

«იდიოტიზმი სულ უფრო გამაოგნებელი ხდება. მას არავინ მისცემს ამის უფლებას, არც იოცნებოს არავინ. სასაცილოდაც არ მყოფნის».

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი რამგარ მარშანი სოხუმისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან „ნუჟნაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა. „გთავაზობთ, სოხუმის ნაცვლად სახელწოდებას „ამრა“, - წერს იურისტი. არგუმენტად მას მოჰყავს ის, რომ საუკუნეების წინ, ამ ადგილს ბერძნებმა "დიოსკურია" დაარქვეს, რომაელებმა - "სებასტოპოლისი", თურქებმა - "სოხუმი", ახლა კი შესაძლოა, აფხაზებმა „ამრა“ დაარქვან.

ამავე თემაზე: 
„სოხუმის“ ნაცვლად „ამრა“ დავარქვათ - აფხაზი დოცენტის ინიციატივა


Print