ახალი ამბები
ზუგდიდის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა 2019 წლის ბოლომდე გადაიდო
ზუგდიდში, 24 საათიანი სასმელი წყლის მიწოდებით უზრუნველსაყოფად სამუშაოები მიმდინარე, 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" უთხრეს. თავდაპირველი განცხადებით, სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტში ცვლილებები შევიდა და პროექტის დასრულება ერთი წლით გადაიდო.

„დაემატა რამდენიმე დასახლება, აბონენტების რაოდენობა და ასევე სკადას მართვის სისტემა (დისტანციური მართვის თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც გაუწევს ოეპერირებას სათავე ნაგებობასა და რეზერვუარებს). გამომდინარე აქედან, სამუშაოების მოცულობა და მშენებლობის ვადები გაიზარდა. პროექტის განახლებული ვადის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება, რაც ზუგდიდში საბოლოოდ გადაჭრის წყალმომარაგების პორბლემას და მოსახლეობას 24-საათიანი სასმელი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს“, - აღნიშნეს წყალკანალში.

რაც შეეხება წყალანირების პროექტს, კომპანიის ინფორმაციით, 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობა, რომელიც საკანალიზაციო სისტემის გამართულ მუშაობას ითვალისწინებს,  2020 წლის თებერვალში დასრულდება.

ორივე პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული. წყალმომარაგების სამუშაოებისთვის, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, 94 მილიონი, ხოლო წყალანირების პროექტზე 84 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

Print