ახალი ამბები
საგანგებო: ბეჩოში ავტომობილში ნაპოვნი ორივე ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე დოლრაში ბეჩოს ხიდიდან გადავარდნილი ორივე მამაკაცის ცხედარი ამოყვანილია. უწყებაში ამბობენ, რომ ამით ორდღიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

„სამუშაოებს ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - აცხადებენ საგანგებოში.

მაშველებმა ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ბეჩოში, მდინარე დოლრაში გადავარდილ ავტომობილში ორი 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. მდინარეში ისინი ხიდიდან, სავარაუდოდ, 7 ივნისს, გვიან ღამით გადავარდნენ.

ფოტო ამოჭრილია "სვანეთინიუსის" ვიდეოდან.
Print