ახალი ამბები
აფხაზი ვეტერანები: საქართველოს მოქალაქეების ნაწილს უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლება უნდა ჩამოერთვას
აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „აბაშის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ მოქალაქეებს, რომლებიც „ომობდნენ და თანამშრომლობდნენ ქართული საოკუპაციო ძალების მხარეს“, აფხაზეთში ცხოვრების და მის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება არა აქვთ. მათი განცხადებით, ეს საკითხი კანონმდებლობით უნდა იყოს განმტკიცებული. ამის შესახებ მათ დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივ პალატაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, სადაც საბინაო დავებს და უძრავი ქონების მემკვიდრეობით გადაცემაზე იმსჯელეს. შეხვედრას უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს, გენერალური პროკურატურის, ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.

ამ დროისათვის, საზოგადოებრივ პალატაში შესულ ასზე მეტ საჩივარს, სპეციალური სამუშაო ჯგუფი სწავლობს, რომელსაც დანილა უბირია ხელმძღვნელობის, წერს „ნუჟნაია გაზეტა“. ამავე ცნობით, მთავარი პრობლემა, რამაც თავი იჩინა ამ შემთხვევების განხილვისას, არის ის, რომ „უძრავი ქონების ზოგიერთი მემკვიდრე, იმ მოქალაქეების ნათესავია, რომლებიც 1992-1993 წლებში აფხაზეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ და მათ შორის, ვინც უკვე წლებია აწარმოებს სასამართლო დავებს, აფხაზი ხალხის სამამულო ომის ვეტერანები არიან“.

ორგანიზაცია „აბაშის“ და სამუშაო ჯგუფის ერთ - ერთ წევრს ზურაბ ზუხბას, კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს:

«ომის ვეტერანი ემა ინაპშბა ედავება მოქალაქეს, რომელმაც უძრავი ქონება მემკვიდრეობით, საქართველოში გარდაცვლილი მამიდისგან მიიღო. ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებს ის მოსკოვში თარგმნის. რატომღაც, ისინი აქ სასამართლო წარმოებაში მიიღეს. ახალ იწყება სასამართლო დავა ომის ვეტერანთან, რომელსაც უძრავი ქონების ჩამორთმევას უპირებენ“.

მისი თქმით, ამ ბინაში ქართულ - აფხაზური კონფლიქტის დროს ქართული ჯარების შტაბი იყო.

„ომის ვეტერანი ანატოლი ლასარია უძრავი ქონების გამო ედავება ქალს, რომელიც უშიშროების სამსახურის დოკუმენტების მიხედვით, ნოდარ ჩოკრიანის მეუღლეა, რომელიც ომის დროს ქართველი ოკუპანტების მხარეს იბრძოდა. მათი შვილი ასევე აფხაზეთის წინააღმდეგ იბრძოდა და გაგრის გათავისუფლების დროს დატოვა აფხაზეთი. მათი ქალიშვილი, საქართველოს მოქალაქეა... ამ ქალმა წარმოადგინა ყალბი ცნობა იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე უეცრად გარდაიცვალა, მაშინ, როდესაც ის აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა“, - ამბობს ზუხბა.

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ რამდნიმე სადაო შემთხვევა განიხილეს. მათი ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია ერთიანი კანონის შემუშავება, რომელიც საბინაო დავებს დაარეგულირებს, რადგან, მათი ცალ - ცალკე განხილვა, სირთულეებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, მათი თქმით, საჭიროა უძრავი ქონების ინვენტარიზაციის ჩატარება და მიწის ერთიანი საკადასტრო სისტემის შექმნა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებლი „მსგავსი საკითხების სამართლებრივი გზით გადაწყვეტა“.

ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი მატოსიანმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართის მოქალაქეების დაკმაყოფილებისას, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობენ, რომლის თანახმად, უძრავი ქონება უპატრონოდ მიიჩნევა ან მემკვიდრეობით მისი გადაცემის უფლება მტკიცდება.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართის მიღება ამ ეტაპზე 2,5 ათას ოჯახს სურს, "მათგან 300 - განსაკუთრებული საჭიროებების მქონეა, ესენი არიან შშმ პირები და ომის ვეტერანები, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები და სხვ."


ამავე თემაზე:

სოხუმი: საქართველოს მოქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის მიღების უფლება ჩამოერთმევა


Print