ახალი ამბები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: სრულად გვაქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ. ამის შესახებ კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, რათა მთავრობა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტები 8 პუნქტიანი საკითხების სიაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალი ეტაპი დაიწყოს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში, მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, - აცხადებენ კონსორციუმში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.







Print