ახალი ამბები
„ძალა ევროპაშია“ – საბჭოთა რეპრესიები და პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები სამეგრელოდან (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანიზებით ფოტო გამოფენა თემაზე „საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები სამეგრელოდან და საბჭოთა რეპრესიები“ გაიმართა.
კამპანია „ძალა ერთობაშიას“ ფარგლებში ღონისძიებაზე TI-ის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და კამპანიაში ჩართული სხვა პირები ჩამოვიდნენ. გამოფენაზე საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულთა და პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც მსგავსი კამპანიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სანამ ახალგზრდა მკვლევარები არ ჩაუდგნენ სათავეში, მცირე რამ ვიცოდით ზუგდიდელი პარლამენტარებიდან ერთ-ერთის, ალექსანდრე ჩიქავას შესახებ, მათი დახმარებით კი ბევრი რამ გავიგეთ. ალექსანდრე ჩიქავა გასაბჭოების შემდეგ არ წავიდა საქართველოდან, ჩემს „ცეცხლმოკიდებულ სამშობლოს ვერ დავტოვებო“ და ჩაება წინააღმდეგობრივ მოძრაობაში. 1924 წელს ვერაზე აპატიმრებენ ჩიქავას, შემდეგ კითხავენ და მას შემდეგ, რაც უარყო ყველანაირი პოლიტიკური მოღვაწეობა, მიუსაჯეს სამი წელი, მაგრამ 1924 წელს სასამართლოს გარეშე დახვრიტეს“, - გვითხრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ერთ-ერთი წევრის ალექსანდრე ჩიქავას ოჯახის წევრმა ელგუჯა არდიამ.

TI-ის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, კამპანიის მთავარი მიზანია, მოსახლეობამ იცოდეს, რა საფრთხეები მოდის რუსეთიდან და რატომაა მნიშვნელოვანი ნატოსა და ევროკავშირთან ჩვენი სიახლოვე.

„მთავარი მიზანია, ვესაუბროთ მოსახლეობას, თუ რატომაა მნიშვნელოვანი საქართველო დაუახლოვდეს ნატოს და ევროკავშირს და იცოდეს, რა ზუსტი საფრთხეები მოდის რუსეთიდან. დღევანდელი გამოფენა იმ ადამიანებს ეხება, ვინც დამოუკიდებლობას შესწირეს სიცოცხლე და დაისაჯნენ რუსეთის მხრიდან. სწორედ მათ ვუხდით დიდ მადლობას, რადგან დღეს საქართველო მიდის იმ გზაზე, რაც მათ აირჩიეს და მთავარია, რომ ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ“, - აღნიშნა გიგაურმა.

მწერალი პაატა შამუგიაც თვლის, რომ ძალა ევროპაშია და ამიტომაც კამპანიას აქტიურად შეუერთდა.

„ძალა ევროპაშია“ განსაზღვრავს სწორედ იმას, რომ ვიყოთ ევროპასთან, როგორც ერთ-ერთი მთავარი ევროპული ქვეყანა. ისტორიული მოცემულობა ასეთია, ჩვენ ევროპელები ვართ ლიტერატურით, ისტორიით, მხოლოდ ეკონომიკით ვერ ვასოცირდებით ევროპასთან და გვინდა, კარგი ეკონომიკური პირობები. ამისთვის მთავარია განათლება, რაც პირდაპირ ასოცირდება ევროპასთან“, - თქვა შამუგიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწყობილი გამოფენა არტ-გალერეაში რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
Print