რეგიონი
“მომავლის თაობა“ – „ათინათის“ შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება (ფოტო, ვიდეო)
ასოციაცია "ათინათმა" პროგრამა „მომავლის თაობის“ ხუთი თვის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტნიორ სკოლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბების წევრებმა განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ფორუმ თეატრიც წარმოადგინეს. საქმიანობები სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და გარემოსდაცვით საკითხებს ეხებოდა.


„დღევანდელ შუალედურ შემაჯამებელ შეხვედრაზე პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა საკუთარ საქმიანობებსა და აქტივობების შედეგებზე ისაუბრეს. ვფიქრობ, რომ გამოჩნდა კარგად, თუ როგორი თანამშრომლობა იყო და როგორი წარმატებული გამოვიდა ეს პერიოდი“, - აღნიშნა პროგრამის კოორდინატორმა სალომე გარდავამ.

ღონისძიებას სასტუმრო „ლეთოში“ პროგრამის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი თამარ ფრუიძეც დაესწრო, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, ამისთვის კი გვაქვს დამხმარე სახელმძღვანელოები, დამატებითი მასალა, ტრენინგები პედაგოგებისთვის, მოსწავლეების ხელშეწყობა... მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რომ მოსწავლეებმა ითანამშრომლონ სხვადასხვა მხარესთან და დაგეგმონ თემისთვის სასიკეთო აქტივობები. თავადაც ამაყობენ, რომ მათი ძალისხმევით შედეგებია მიღწეული“, - თქვა ფრუიძემ.

შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების კლუბის საუკეთესო ლიდერი და ფეისბუქ კონკურსის გამარჯვებულიც დააჯილდოვეს.

2018 წლიდან სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ახალ 230 სკოლას უწევს დახმარებას. მის ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 32 სკოლაში მუშაობს. „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას.

პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".


Print