რეგიონი
ჯიხაში, სავარაუდოდ, IV-X საუკუნეების სამარხები და 3200 წლის წინანდელი კერამიკა აღმოაჩინეს
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე „ჭაქვინჯას ციხეში“ არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, ადრეული ქრისტიანული ეპოქის, IV-X საუკუნეების პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა უთხრა. მისი ინფორმაციით, ციხის ციტადელში თავის ქალები 14 ივნისს ნახეს.

„ესენია, სავარაუდოდ, ქრისტიანული სამარხები, რომელიც დავაკონსერვეთ. ერთ-ერთი მათგანის მხოლოდ თავის ქალაა აღმოჩენილი, მეორის კი თავის ქალასთან ერთად კისრის არეც. განსხვავებით ანტიკური ხანისა, სამარხებში არ არის მიცვალებულისთვის ჩატანებული არაფერი. საკმაოდ ვიწრო თხრილებია და მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ აქ ეკლესიის გარშემო იყოს ქრისტიანული სასაფლაო და კიდევ აღმოჩნდნენ მიცვალებულები, თუმცა, ჯერჯერობით, ამაზე ვერ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ლომიტაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალ წელს ციხეში სამუშაოების გაგრძელება იგეგმება და აღმოჩენილ სამარხებსაც სწორედ ამის შემდეგ შეისწავლიან. ამ ეტაპზე კი სამარხები კლასიკური საფარით დაიფარა.

რაც შეეხება მეორე აღმოჩენას, ლომიტაშვილი ამბობს, რომ არქეოლოგებმა ჯიხაში 3200 წლის წინანდელ, ძვ.წ. XI-X-IX საუკუნეების კერამიკულ მასალას მიაკვლიეს. ეს კი, მისივე თქმით, გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ ამ ტერიტორიაზე კულტურული განვითარების თარიღმა 14 საუკუნით ადრე გადაიწია.

„ეს აღმოჩენა ცვლის ქრონოლოგიას ჭაქვინჯას ციხის ტერიტორიის შესახებ, რომლის აშენების თარიღად IV-V საუკუნეებია მიჩნეული. სავარაუდოა, რომ აქ კულტურული განვითარების პერიოდი გაცილებით ადრე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყო“, - აღნიშნა დავით ლომიტაშვილმა.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ციხეს „ჭაქვინჯა“ (ჯიხა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა.

Print