ახალი ამბები
თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო აქციას ზუგდიდში, დაახლოებით, 5 ადამიანი შეუერთდა (ფოტო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე ადამიანი შეუერთდა თბილისში, ვერის ბაღში მიმდინარე აქციას ლგბტქი პრაიდის გამართვის წინააღმდეგ. მათ ბულვარში ხეებზე გააკრეს ჰომოფობიური პლაკატები წარწერებით: „არა ლგბტ პროპაგანდას საქართველოში“, "არა მამათმავლობის პროპაგანდას და არა სოდომისტებს“.

როგორც ორგანიზატორმა ხატია ჯანაშიამ ჟურნალისტებს უთხრა, ადამიანების სიმცირე არ გაკვირვებია, რადგან მას აქცია ოფიციალურად არ დაუანონსებია. ჯანაშიას თქმით, მათ მხოლოდ პლაკატების გაკვრა და საკუთარი აზრის დაფიქსირება სურდათ.

„მხარს ვუჭერთ თბილისში გამართულ აქციას, ვემიჯნებით იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს დაამკვიდროს ლგბტ თემის პროპაგანდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოში მათ კერძო საკუთრებაში შევარდია ვინმე, ასე არ ვებრძვით მათ. არ ვღებულობთ და არც მივიღებთ ლგბტ პრაიდს. მოვუწოდებთ მათ, ვინც მათი მომხრეა და ცდილობს საზოგადოებას მოახვიოს მათი პროპაგანდა და ზეწრები, შეწყვიტონ ხალხის გამოწვევა და ნერვებზე თამაში“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

ჩვენს კითხვაზე, იზიარებს თუ არა თბილისში აქციის ორგანიზატორის ლევან ვასაძის იდეოლოგიას სექსუალური უმცირესობების მიმართ, ჯანაშიამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ლევან ვასაძე პრიორიტეტი არ არის და გაიზიარებს ნებისმიერი ადამიანის იდეოლოგიას, ვინც პრაიდის წინააღმდეგ იქნება.

მისივე თქმით, დღევანდელი შეკრება ექსპრომტად იყო დაანონსებული, მომავალში კი დარწმუნებულია, რომ ქუჩაში ბევრად მეტი ადამიანი გამოვა.

„ეს ასე იყო ჩაფიქრებილი, რადგან არ დაგვიანონსებია ოფიციალურად, თუმცა, თუ ეს მარაზმი გაგრძელდება და მათი პროპაგანდა არ შეწყდება, ბევრად მეტი გავხდებით“, -აღნიშნა „არტ-უნივერსალის“ დამფუძნებელმა ხატია ჯანაშიამ.

მან აქცია სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ დააანონსა და ზუგდიდელებს ბულვარში გამოსვლისკენ მოუწოდა.

ამ წუთებში კი ვერს ბაღში „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სადაც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მისვლა მხოლოდ მამაკაცებს თხოვა.

Print