ახალი ამბები
ახალი ნაგავსაყრელი გულრიფშის რაიონში რუსული ინვესტიციებით აშენდება
სოხუმში ნაგავსაყრელების პრობლემაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივმა პალატამ გამართა, ისაუბრეს იმაზე, თუ რა ეტაპზეა გულრიფშის რაიონში ახალი პოლიგონის მშენებლობის პროცესი, წერს „ნუჟნაია გაზეტა“. გამოცემის ცნობით, დღესდღეობით, ახალი სტანდარტების პოლიგონის მშენებლობამდე, სოხუმის ნაგავსაყრელის ნაცვლად, ნარჩენები გალის რაიონში გააქვთ.

კაპიტალური მშენებლობის უფროსის იგორ მიქვაბიას თქმით, პოლიგონის მშენებლობა ნარჩენების მართვის ახალი კონცეფციის ნაწილია. მისივე ცნობით, 2016 წელს დაწყებული პროგრამის განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ 5 მილიონი რუბლი გამოყო.

«პირველ ეტაპზე დაგეგმილია კონტეინერების და ტექნიკის შეძენა. ამ დრომდე შეძენილია 603 კონტეინერი და 29 ერთეული ტექნიკა, რაც რაიონებში გადანაწილდა. მეორე ეტაპი ყველაზე რთული აღმოჩნდა - ეს პოლიგონის პროექტირება და მშენებლობაა. სირთულეს არა პოლიგონის მშენებლობა, არამედ, მათ განსათავსებლად"ფართის გამოყოფა წარმოადგენს», – აღნიშნა მიქვაბიამ.

მისივე ინფორმაციით, ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, პოლიგონის ასაშენებლად 112 მილიონი რუბლია გათვალისწინებული თუმცა, „რა დაჯდება ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ჯერ უცნობია“. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პოლიგონი უახლოეს პერიოდში აშენდება, და ნარჩენებს გალის რაიონში აღარ გაიტანენ.

ამავე თემაზე:

სოხუმიდან ნარჩენებს გალის რაიონის სოფელ მზიურში გადაიტანენ

Print