ახალი ამბები
ბულვარში გუშინ გაკრული ჰომოფობიური პლაკატები დღეს ჩამოხსნეს
ზუგდიდის ბულვარში გუშინ ხეებზე გაკრული ორი ჰომოფობიური პლაკატი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს ჩამოხსნეს. ზედამხველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ იაგო ქირიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მათ პლაკატები დილიდან ჩამოხსნეს, თუმცა "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა ცაბუნია ვართაგავამ გვითხრა, რომ ის ბულვარში, დაახლოებით, 14 საათზე იმყოფებოდა და პლაკატები ამ დროს არ იყო ჩამოხსნილი.

"ის, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურმა არ იმოქმედა მყისიერად, მიუთითებს არაპროფესიონალიზმზე და საქმის არაჯეროვნად შესრულებაზე. გარდა იმისა, რომ პლაკატი შეიცავდა სიძულვილის ენას და მერიის სამსახურს უნდა უზრუნველეყო მისი დროული ჩამოხსნა,პლაკატი გაკრული იყო ისეთ საჯარო სივრცეში, სადაც არ შეიძლება არანაირი პლაკატის გაკვრა. თავისი უმოქმედობით მერიამ ხელი შეუწყო სიძულვილის ენის გავრცელებას. მეტიც, მერიის ა(ა)იპ-ის საჯარო ღონისძიება, კერძოდ, "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა გამართა იმ ჰომოფობიური პლაკატის ფონზე, რომელიც მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის - ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომელმა გააკრა", - აღნიშნა ვართაგავამ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ პლაკატების გუშინვე ჩამოხსნა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ არასამუშაო დრო იყო.

"საღამოს 8 საათზე რომ გააკრეს პლაკატები, ამის გამო თანამშრომლებს არასამუშაო დროს ვერ დავავალდებულებთ და მოვთხოვთ მუშაობას", - აღნიშნა ქირიამ.

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გუშინ საღამოს რამდენიმე ადამიანი შეუერთდა თბილისში, ვერის ბაღში მიმდინარე აქციას ლგბტქი პრაიდის გამართვის წინააღმდეგ. მათ ბულვარში ხეებზე გააკრეს ჰომოფობიური პლაკატები წარწერებით: „არა ლგბტ პროპაგანდას საქართველოში“, "არა მამათმავლობის პროპაგანდას და არა სოდომისტებს“.

Print