ახალი ამბები
„მწვანე ალტერნატივა“ ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას ითხოვს
„მწვანე ალტერნატივა“ სახელმწიფო უწყებებს ნენსკრა ჰესის შესახებ გასაჯაროებული ხელშეკრულების შესწავლას და მასზე რეაგირებას თხოვს. საკითხი მთავრობის მიერ ხელმოწერილ კაბალურ კონტრაქტს ეხება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ნენსკრას პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში $60 მლნ-ით აზარალებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „მწვანე ალტერნატივამ“ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტებს. ორგანიზაცია თავმჯდომარეებს სთხოვს, გამოიყენონ საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქცია და საკომიტეტო მოსმენა მოაწყონ; ამასთან, „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობის შესაძლებლობას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო ჩართულობას.

„ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის გასაჯაროების და გაცნობის შემდეგ, ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ხელშეკრულება არ შეესაბამება პროექტის შესახებ გაკეთებულ დამაიმედებელ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ჰესი გაამყარებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ზამთარში შეავსებს ელექტროენერგიის დეფიციტს და სახელმწიფოს დენს ბაზარზე არსებულ ფასებზე იაფად მიაწოდებს; პირიქით, ხელშეკრულება სერიოზული რისკების წინაშე აყენებს საქართველოს ეკონომიკას“, - აღნიშნულია „მწვანე ალტერნატივის“ ოფიციალურ წერილში.

„მწვანე ალტერნატივა“ ასევე აპირებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს, რათა შეისწავლოს კონტრაქტში ასახული საეჭვო ფინანსური დეტალები და მათზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

ნენსკრა ჰესის შესახებ აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი 2019 წლის 8 ივნისს რუსთავი2-ის ეთერში გასაჯაროვდა. კონტრაქტს ხელს აწერენ: საქართველოს მთავრობა, სს „საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდი“ და სს „ნენსკრა ჰიდრო“.

ამავე თემაზე:

მწვანე ალტერნატივა: ნენსკრა ჰესი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში $60 მლნ-ით აზარალებს
Print