ახალი ამბები
ზუგდიდში რამდენიმე ადგილას შშმ პირებისთვის პარკირების ადგილი მოინიშნება
ზუგდიდში რუსთაველის 84-სა (ასოციაცია "ჰანგის" წინ) და პროკურატურასა და რესურსცენტრს შორის, გამსახურდიას გამზირზე, შშმ პირთათვის პარკირების ადგილი გამოიყო. გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

“მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ მათ კანონით განსაზღვრულ ადგილას შეეძლოთ პარკირება”,- აღნიშნა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ურბანული განვითარების კომისიის თავდმჯომარემ ირაკლი ლაგვილავამ.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ორივე შემთხვევაში ინიციატივა მოქალაქეებს ეკუთვნით. მერიამ კი მათი თხოვნა გაითვალისწინა და წინადადება საკრებულოს წარუდგინა.

დეპუტატებმა ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი სადგომები სხვა ადგილებზეც უნდა მოინიშნოს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტის პარკირების წესში შესაბამისი პუნქტი არსებობს.
Print