პოლიტიკა
ლელა ქებურია: პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის ყოფნა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
საქართველის პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ლელა ქებურია ქართველი ხალხის შეურაცხყოფას უწოდებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძლიდან ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი უძღვება. ქებურიას თქმით, ეს ქმედება ზღვარს გადასვლა და წითელი ხაზების გადაკვეთაა.

„ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია პოზიცია რუსი ოკუპანტების საწინააღმდეგოდ, ესაა ქართველ ხალხის შეურაცხყოფა მით უფრო იმ ფონზე, რომ გავრილოვი ხასითდება განსაკუთრებულად მკვეთრი განცხადებებით საქართველოს წინააღმდეგ  და აღიარებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პარლამენტის ტრიბუნიდან ფარსს წარმართავს  და ხელს არ უშლის არავინ. ეს იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც რუსული ინტერვენციის მსხვერპლები არიან, სულ რამდენიმე თვის წინ ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პოზიცია ამის საწინააღმდეგოდ“, - გვითხრა ქებურიამ.

მისი თქმით, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, თუმცა ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ასამბლეის მასპინძელს, შეეძლო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო.

„ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტში, რომ პროტესტი გამოვხატოთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ. ეს არის ზღვარს მიღმა და წითელ ხაზებს მიღმა, არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს. ჩვენ ვნახეთ უკრაინის ელჩის პროტესტი, რომ მას არ სურს ამ ფარსში მიიღოს მონაწილეობა, რომელშიც მისი სახელმწიფოს ოკუპანტი წარმართავს პროცესს. ჩვენ მინიმუმ იმის დაფიქსირება გვმართებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც გამოირჩევა თავისი განცხადებებით, ომის პერიოდში ძალადობას, ახლა კი პოლიტიკურ ძალადობას ახორციელებს, ასეთი წარმომადგენლების მიმართ უნდა გვქონდეს მკვეთრად გამოხატული პოზიცია“, - აღნიშნა ზუგდიდელმა დეპუტატმა.

„ევროპული საქართველო“ და "ენმ" ამ წუთებში პარლამენტში იკრიბება, რათა გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში ასამბლეის წაყვანა გააპროტესტოს და ხელი შეუშალოს.






Print