რეგიონი
გიგა ოთხოზორიას დედა: რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ხილვა შეურაცხმყოფელია
„ჩემთვის, როგორც გიგას დედისთვის და ასევე, საქართველოს მოქალაქისთვის, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტი“, - -ასე შეაფასა 3 წლის წინ ხურჩაში, აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ დუმის დეპუტატების საქართველოში ყოფნა. მისი თქმით, პირველ რიგში, მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მათთან დაკავშირებით.

„ძალიან სამწუხაროა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რა პროტესტს გამოიწვევდა ქართველებში მათი ვიზიტი და დაცვაც კი დაახვედრეს. მე გიგა ოთხოზორიას დედა რომც არ ვიყო, უკიდურესად მიუღებელია, ოკუპაციის პირობებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ხილვა საქართველოში და ქვეყნის პარლამენტში. ეს, ალბათ, ყველაზე მძიმე საყურებელია იმ დედებისთვის, რომლებმაც შვილები ოკუპაციის გამო დაკარგეს. გული მტკივა, ამას რომ ვუყურებ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯულიეტა ჭანტურიამ.

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნასა და მის მიერ ასამბლეის წაყვანას გააპროტესტებენ.

Print