რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე: რუსი დეპუტატების კადრების ნახვა ემოციურად მძიმე იყო
რუსეთის დუმის დეპუტატი, მით უფრო, კომუნისტური პარტიის წევრი, არ უნდა მოხვდეს საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში და მით უფრო, თავმჯდომარის სავარძელში. ამ კადრების ნახვა ჩემთვის ძალიან ემოციური და მძიმე იყო. ასე შეაფასა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნა.

წოწერიას თქმით, მან არ იცის, ვისი ბრალია დაშვებული შეცდომა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ყოფნა საქართველოს პარლამენტში მიუღებელია.

„პასუხი ალბათ იმან უნდა აგოს, ვინც იბარებს პროტოკოლს. ეს საკითხი პოლიტიკურად გავლილი უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა წოწერიამ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. სესიაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ. საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.


ამავე თემაზე:

ჩხოროწყუს მერი რუს დეპუტატებზე: რაც ხდება მარაზმია!
Print