ახალი ამბები
ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ვიზიტი ზუგდიდში აქცია-მსვლელობით გააპროტესტეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია-მსვლელობა სახელწოდებით „სირცხვილია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია და გააპროტესტეს რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში, მათ შორის, პარლამენტში, სადაც სხდომათა დარბაზში ასამბლეას სერგეი გავრილოვი „კომუნისტური პარტიის“ წევრი უძღვებოდა. აქცია სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ დაანონსა.

„დღეს შევიკრიბეთ, რათა დავანახოთ ყველას, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ შევეგუებით რუსული ოკუპაციას. სადაც საქართველოს, რუსეთს და მართლმადიდებლობას ახსენებენ ერთად, ყოველთვისაა რუსული პროპაგანდა. საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ასამბლეა საქართველოში და ის, რითიც დაგვირგვინდა, არის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ვართაგავამ.

აქციას მაისურებით „რუსეთი ოკუპანტია“, საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„დღეს გავრილოვი, რომელიც იზიარებს საოკუპაციო პოლიტიკას, იმყოფება საქართველოში რაღაცა გაუგებარ ღონისძიებაზე და ყველაზე შემზარავი ფაქტი იყო ის, რომ იგი საქართველოს პარლამენტის შენობაში იყო და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან, სავარძლიდან გველაპარაკა დანარჩენ საქართველოს. სწორედ ეს ფაქტი არის მიუღებელი. ეს ქვეყანა, რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, მისი ოცი პროცენტი მას აქვს ოკუპირებული და ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში მონაწილეობენ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოში და მით უმეტეს რაღაცა ამ ტიპის გაუგებარ ღონისძიებებს მართავდნენ“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.

აქციაზე, რომელზეც 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სხვა ზუგდიდელებთან ერთად ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ. მათ დაგმეს დღეს პარლამენტში მომხდარი და თქვეს, რომ ფაქტზე სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება აუცილებელია.

„ყველას პრობლემაა, ვისაც გული შესტკივა, ვის ცნობიერებაში რუსი ოკუპანტია და ის, რომ კომუნისტი გავრილოვი მართლმადიდებლურ ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან წარმართავს, ცინიზმია. უდიდესი შეცდომაა დაშვებელი და პასუხი უნდა იყოს მკაცრად სამართლებრივი“, - თქვა ენმ-ის წევრმა თეიმურაზ ბასიალაიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ კი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მოღალატეობრივი უწოდა.

„კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი ხელისუფლება გვყავს. პირველ რიგში, უნდა გადადგეს ირაკლი კობახიძე, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობას მოღალატეობრივი ქმედების გამო“, - აღნიშნა შელიამ.

აქციის ორგანიზატორმა ცაბუნია ვართაგავამ მათთან მისვლისკენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწოდა, თუმცა ზუგდიდის ბულვარში არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.

ამავე თემაზე:

"სირცხვილია" - ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მერი: საზოგადოების აღშფოთება სამართლიანია
Print