პოლიტიკა
ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას ცდილობენ
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში მყოფი პარტიები დღეს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ და მომხდარს აბუქებენ. ქვარაია მიიჩნევს, რომ ისინი მოვლენების იმაზე მეტად დრამატიზებას ახდენენ, ვიდრე არის.

“ყველანი ვთანხმდებით, რომ მოხდა სამწუხარო შეცდომა, თუმცა ყველაფერზე ადეკვატური რეაქციაა საჭირო და არა ის, რასაც რევანშის მოლოდინში მყოფი ოპოზიციისგან ვხედავთ. ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ მომხდარის გაბუქებას და გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის, ამიტომაც ახდენენ მდგომარეობის იმაზე მეტად დრამატიზირებას, ვიდრე რეალურად არის. უპასუხისმგებლობა სწორედ ესაა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქისგან ნებისმიერი საყვედური მისაღებია, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობისგან. კარგია, რომ საზოგადოება ოპოზიციისგან განსხვავებით ობიექტურად აფასებს რეალობას”, - აცხადებს მაჟორიტარი.

უფრო ადრე მერაბ ქვარაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სწრაფად გაეცეს პასუხი კითხვაზე, ვინ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა.

Print