ახალი ამბები
აფხაზური მხარე აკაკი ბობოხიძის რუსული დელეგაციის მიმართ ნათქვამზე რეაგირებას ითხოვს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება „შეშფოთებულია“ საქართველოს პარლამენტარის აკაკი ბობოხიძის სიტყვებით, რომლებითაც მან თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მომხდარ ინციდენტის დროს რუსულ დელეგაციას მიმართა: „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“.

უწყების ხელმძღვანელი, დაურ კოვე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის წამოძახილს. მისი თქმით, ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული „ცინიკური აღსარება“ სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. მისი განცხადებით, „აფხაზეთის მხარე მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა ზემოთ ნახსენებ სამხედრო დამნაშავეს მიეზღოს დამსახურებული სასჯელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის“. აფხაზური მხარე გეგმავს, ქართველი პარლამენტარის „განცხადებას“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე შეეხოს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელსაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა, პირველი შესვენების შემდეგ ვერ გაგრძელდა. ოპოზიციის ნაწილის, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების აღშფოთებისა და პროტესტის შემდეგ სესია გუშინ შეწყდა. დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მან პარლამენტის შენობიდან სასტუმრო "რედისონში" გადაინაცვლა. სასტუმროდან ის საპროტესტო აქციის ფონზე და სამართალდამცავების თანხლებით გაიყვანეს.






Print