რეგიონი
ნუ გვესვრი - ჟურნალისტები აქციას რამდენიმე ქალაქში გამართავენ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისსა და რეგიონებში აქციას გეგმავს. მას საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოქმედი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდებიან და ჟურნალისტების უფლებების შელახვას გააპროტესტებენ.

„მოვითხოვთ: იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე“, - აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის ძალის გამოყენებით დაშლისას ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არიან ჟურნალისტები. რეზინის ტყვიებით დაშავებულია 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

რადიო „ათინათი“ იზიარებს კოლეგების პოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვან ჟურნალისტების უფლებები და მათი უსაფრთხოება.




Print