რეგიონი
ზუგდიდელი ფოტოგრაფი ტურიზმით დაკავებულებს ფოტომომსახურებას უფასოდ სთავაზობს
ზუგდიდელი ფოტოგრაფი თემურ ბართავა უფასო ფოტომომსახურებას სთავაზობს ყველას, ვინც ტურიზმითაა დაკავებული. პოსტი მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა. ამით ფოტოგრაფი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის აკრძალვას საქართველოში დასვენების შესახებ და უერთდება ქართველი ფოტოგრაფების კამპანიას.

„ვუერთდები კოლეგების მიერ წამოწყებულ ინიციატივას და ყველას ვინც დაკავებულია ტურიზმით, ჩართულია სტუმარ-მასპინძლობის საქმეში და სჭირდება ფოტომომსახურება,რათა ტურისტები მოიზიდოს, მზად ვარ, უანგაროდ დავეხმარო.
გავერთიანდეთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ ქვეყნის გაძლიერებისთვის! მხოლოდ ერთი პირობა, ფოტოზე ეწერება, "რუსეთი ოკუპანტია" , - წერს ბართავა სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ პუტინმა საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში დასვენება აუკრძალა. მისივე გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან რუსეთის ფედერაციაში ქართული ავიაკომპანიების ავიარეისებიც შეჩერდება. ეს გადაწყვეტილება კი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც 20 ივნისს რუს დეპუტატებს ჯერ საქართველოს პარლამენტში ასამბლეის წარმართვის მონაწილეობა არ მისცეს, შემდეგ კი პროტესტის ფონზე საქართველოდან ვადაზე ადრე გაამგზავრეს.


Print