ახალი ამბები
ზუგდიდში თბილისის დემონსტრაციების ანალოგიური მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში 20 ივნისის მოვლენების გასაპროტესტებლად სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები დღეს მესამედ შეიკრიბნენ. მათ ჯერ ზუგდიდის ბულვარში დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები, შემდეგ კი სამხარეო ადმინისტრაციასთან მსვლელობით გადაინაცვლეს, სადაც კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნები.

შეკრებილებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ეს აქციები სამოქალაქო პროტესტია და ისინი პოლიტიკურ პარტიებს ამ მანიფესტაციის სათავისოდ გამოყენების უფლებას არ მისცემენ.

„რაც შეეხება მოთხოვნებს, კარგია და მივესალმებით, რომ ხელისუფლება თანახმაა, 2020 წელს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, თუმცა მთავარი მოთხოვნები, მათ შორის, შს მინისტრის გადადგომა ძალაშია, რადგან სწორედ მან უნდა აიღოს პასუხიმგებლობა იმაზე, რაც მოხდა“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

აქციაზე სიტყვით მოქალაქეებიც გამოვიდნენ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილები და 20 ივნისის აქციის მონაწილეები იყვნენ.

სამხარეო ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ლაგვილავაც, რომელიც აქციას არ შეერთებია, თუმცა ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„რუსეთის დუმის დეპუტატები არათუ პარლამენტში, არამედ არცერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ უნდა იყვნენ. რაც შეეხება აქციაზე ღამით განვითარებულ მოვლენებს, ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ თანამდებობა არ უნდა იყოს ინდულგენცია და ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. მე ძალიან მიკვირს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ გახარიას გადადგომას მოითხოვენ და არა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დასჯას, ვინც მოვლენების ასე განვითარების პროვოცირება მოახდინა და პარლამენტში შტურმის აღების მოწოდებით კონსტიტუციისთვის საფრთხის შექმნას შეუწყო ხელი“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდებიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შეკრებებს, მათ შორის, პერფორმანსის სახით, განაგრძობენ.

ზუგდიდელი დემონსტრანტები თბილისელი მანიფესტანტების მსგავსად სამივე მოთხოვნას უერთდებიან და გახარიას გადადგომას, აქციის დაშლის ღამეს დაკავებულების გათავისუფლებასა და პასუხიმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. მეოთხე მოთხოვნაზე 2020-ში არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნება“ თანახმაა.
Print