ახალი ამბები
აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი დროებით ჩაკეტა
ენგურის ხიდზე მიმოსვლა დროებით შეიზღუდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ უსაფრთხოების ეს ზომები საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია "საქართველოში, მათ შორის, საზღვრისპირა ტერიტორიაზე, ზუგდიდში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, რაც, შესაძლოა, საშიშროებას წამოადგენდეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობისთვის". 

უსაფრთხოების ზომად უწყება სწორედ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის დროებით ჩაკეტვას მიიჩნევს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეიზღუდა "უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე“.

ადგილობრივებმა რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ისინი ხიდის ჩაკეტვას 8 ივლისს ელოდებონდნენ, თუმცა, მათ დღეს ზუგდიდში გადმოსვლის საშუალება არ მიეცათ.

"ხვალ ზუგდიდში, სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გვითხრეს, რომ ხიდი გადაკეტილი იყო. გარდა ამისა, აქ არიან აბიტურიენტები, რომლებიც დღეს გადმოვიდნენ, რათა სკოლის ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ახალგაზრდებს რამდენიმე დღეში ეროვნული გამოცდები ეწყებათ", - ამბობს ერთ-ერთი გალელი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ხიდი დე ფაქტო რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, 5 თებერვალს გახსნეს.
Print